სამართალი
ჟურნალისტები და უფლებადამცველები ციხეებში შესვლასა და პატიმართა მდგომარეობის გაცნობას ითხოვენ

kolonia_uflebaდღეს, 7 თებერვალს, ორგანიზაციის ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ოფისში სტუდია ,,ობიექტივი’’ და ჟურნალისტები: შალვა რამიშვილი, ნანა ლეჟავა, ნინო ზურიაშვილი, ია ანთაძე და სხვები, ადამიანის უფლებადამცველები სასჯელაღსრულების მინისტრის – ხათუნა კალმახელიძის სახელზე სპეციალურ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და მოითხოვენ ჟურნალისტების შეშვებას საპყრობილეებსა და ციხეებში პატიმართა მდგომარეობისა და პირობების გადასაღებად.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მათ აქვთ ქსნის № 15 საპყრობილის მსაჯვრდებულების წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ საპატიმროში დირექტორის უშუალო მითითებით პატიმრებს სასტიკად სცემენ.

“ძირითადად, ქსანზეა საუბარი, იმიტომ, რომ ჩვენთან წერილები ქსნის საპატიმროდან შემოდის. მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვა საპატიმროებშიც შეუშვებენ ჟურნალისტებს. აქ მთავარი ხელისუფლების ნებაა – გახსნას კარი და ვნახოთ, იქნებ, მართალია, რასაც მინისტრი კალმახელიძე ამბობს, იქნებ ციხეებში მართლაც სამოთხეა შექმნილი და, უბრალოდ, დეზინფორმაცია ვრცელდება?! ყოველ შემთხვევაში, კალმახელიძის განცხადებები უნდა გადამოწმდეს – ცრუობს მინისტრი თუ სიმართლეს ამბობს. ეს უნდა გადაამოწმონ ჟურნალისტებმა, ნეიტრალურმა ადამიანებმა ციხეებში პატიმრებთან გასაუბრებით”, - განაცხადა კაკაბაძემ და დასძინა, რომ მათი მოთხოვნაა, საპატიმროებში დამოუკიდებელი ჟურნალისტები შეუშვან და არა ნაციონალური ტელეკომპანიების წარმომადგენლები.