უცხოეთი
სირიაში, აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ პრეზიდენტ ასადის მომხრე 100-ზე მეტი მებრძოლი მოკლა

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. სირიაში, აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ პრეზიდენტ ასადის მომხრე 100-ზე მეტი მებრძოლი მოკლა. კოალიციის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტის მომხრე 500 კაციანი ჯგუფი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით „სირიის დემოკრატიული ძალების“ ცენტრალურ შტაბებს დაესხა თავს, სადაც კოალიციის მრჩევლები აშშ-ისგან მხარდაჭერილ სირიელ მებრძოლებთან ერთად მუშაობდნენ. თავდასხმისას ასადის მომხრე ჯგუფმა არტილერია, ნაღმმტყორცნები და რუსული წარმოების ტანკები გამოიეყენეს.
აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ თავდასხმას საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებით უპასუხა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ იერიში თავდაცვითი ხასიათის იყო და ევფრატის მიმართულებით დაბრუნებულ მებრძოლებზე თავდასხმები აღარ გაგრძელებულა. აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციამ აღნიშნულ ტერიტორიაზე სირიის მომხრე ძალების არსებობის შესახებ რუსეთი ცხელი ხაზის საშუალებით გააფრთხილა.
სირიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ თანამშრომლობს. აღნიშნული ჯგუფი 50 ათასი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული და მასში ქურთი და არაბი მებრძოლები ირიცხებინ. აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციასა და სირიის ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებს შორის შეტაკება უკვე არაერთხელ მოხდა.

1tv.ge