სამართალი
თბილისში თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ჯაბა იოსელიანის შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონის“ მეთაურის მოადგილე დოდო გუგეშაშვილი, რომელიც უკრაინაში მაიდნის მოვლენებში მონაწილეობდა, ბოლო ხანებში კი აფხაზეთის ომის ვეტერანთა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მდებარე ბინაში, რომელსაც შვილთან ერთად ქირაობდა, თავდასხმის დროს გულმკერდის მარცხენა მხარეს დაჭრეს.
გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
გუგეშაშვილის შვილი - თადარიგის ოფიცერი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში უმუშევარი იყო, ადგილზე მოკლეს. დამნაშავეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
როგორც მეზობლები ყვებიან, ჯერ ხმაური გაიგონეს, შემდეგ კი გუგეშაშვილის ყვირილი - „შვილი მომიკლეს!“. ამის მერე მათ დაინახეს, როგორ გარბოდა საშუალო ტანის მამაკაცი ლურჯ ქურთუკში, რომელსაც ხელში პოლიეთილენის პარკი ეჭირა, სადაც თეთრი საგანი იდო.
შსს-ში განაცხადეს, რომ პირი, რომელიც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს დაესხა, სავარაუდოდ, ოჯახის ნაცნობი იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს - განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობა.