საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. „ვმუშაობთ, რომ ზაფხულში ნატოს სამიტამდე შეიქმნას განწყობა და წარმოდგენა საქართველოში“, - ღიად აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი,
ნატოს სამიტი ბრიუსელში 2018 წლის 11-12 ივლისს ჩატარდება. როგორც საქინფორმის მთავარი რედაქტორი ვარაუდობს, სამიტზე საქართველოს, შესაძლოა, ნატოში დაჩქარებული წესით შესვლა შესთავაზონ - MAP-ს გარეშე, მაგრამ, ამავე დროს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეც
ატლანტიკური საბჭო ნატოს მორიგი სამიტისთვის საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს. დოკუმენტის ერთი ნაწილი საქართველოში თებერვლის ბოლოს გამოიგზავნება, ნაწილი კი - მაისისთვის, განაცხადა დეიმონ ვილსონმა ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ატლანტიკურ საბჭოში ვმუშაობთ საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელიც მზადდება იმისთვის, რომ ზაფხულში ნატოს სამიტამდე შექმნას განწყობა და წარმოდგენა. ანგარიშის ნაწილი საქართველოში - მიმდინარე თვის ბოლოსთვის, ნაწილი კი მაისში დაახლოებით, დამოუკიდებლობის დღისთვის გამოიგზავნება.
ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. აღსანიშნავია, რომ ვხედავთ ძლიერ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენი გუნდი ატლანტიკურ საბჭოში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვაშინგტონში დაარწმუნოს მეგობრების – საქართველოსა და უკრაინის დახმარების აუცილებლობაში, მათ შორის, თავდაცვითი შეიარაღების კუთხით“, – განუცხადა დეიმონ ვილსონმა ქართული მედიის წარმომადგენლებს და დასძინა, რომ აშშ უფრო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ისე ზოგადად, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.