სამართალი
საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს შეუნარჩუნდება

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების მოსაზრება იქნა გაზიარებული.
ჩვენ მიერ წარდგენილი ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედიოდა, რომ საომარი მდგომარეობის დროს მობილიზაცია გამოეცხადებინა, თუმცა, ამავე ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება მთავრობას ჰქონდა. ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მხრიდან მოსაზრება იყო, რომ ეს უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს დაბრუნებოდა. ამ მოსაზრებას დავეთახმეთ. მეორე მოსაზრება მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტის მონაწილეობას ეხებოდა. ჩვენ მიერ მომზადებული ცვლილებებით, ამ პროცესში პარლამენტი მონაწილეობას აღარ ღებულობდა და ამ გადაწყვეტილებას არ ადასტურებდა. ფაქტიურად, დეპუტატები ჩვენს მოსაზრებას დაეთანხმნენ და ჩვენი ვერსია კვლავ დარჩება. ანუ, მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტი მონაწილეობას არ მიიღებს. მესამე მოსაზრება ეროვნული თავდაცვის გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა და მათი ხედვით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენი მოსაზრებით, ეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა საშუალებას საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტის იმ ნაწილში, რომ პრეზიდენტს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქციები”, – განაცხადა გელაშვილმა.