პოლიტიკა
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინოს, რათა მოსკოვთან კონტაქტის დამატებითი არხი ჰქონდეს - გულბაათ რცხილაძე

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ქართველმა ექსპერტმა გულბაათ რცხილაძემ დაასახელა ოფიციალური მოსკოვის მთავარი შეშფოთებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებას. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინოს, რათა მოსკოვთან კონტაქტის დამატებითი არხი ჰქონდეს“, - განაცხადა საქართველოში ევრაზიის ინსტიტუტის ხელმღვანელმა გულბაათ რცხილაძემ «Sputnik – Грузия»-სთან ინტერვიუში.
„იმ რეალობას მაინც ვერსად გავექცევით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ორი საელჩოა - სოხუმსა და ცხინვალში. და თუ იქნება მესამე საელჩო თბილისში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ რაიმენაირად ვაღიარებთ. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ურთიერთობის დამატებითი ოფიციალური არხი გავმართეთ, და დიპლომატიური ურთიერთობის საშუალებით როგორღაც ვიმოქმედებთ მთლიანად სიტუაციაზე. ახლა საქართველო წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან აფხაზებსა და ოსებს მოსკოვთან პირდაპირი კონტაქტის ხაზი აქვთ, ჩვენ კი - არ გვაქვს“, - აღნიშნა რცხილაძემ.
რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხს, რცხილაძის აზრით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თბილისის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის ავტომატურ აღიარებას არ ნიშნავს.
„ეს პრობლემა „მერესთვის“ უნდა გადავდოთ და იმ მომენტებს ჩავუღრმავდეთ, რომლებიც არც რუსეთში, არც საქართველოში უარყოფას არ იწვევენ... სურვილის შემთხვევაში შეგვეძლო, დიპლომატიური ურთიერთობა აღგვედგინა და შესაბამის ნოტაში დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ანდა - რომ ვეთანხმებით რუსულ მხარეს იმაში, რომ ის ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს“, - განაცხადა რცხილაძემ.