აქტუალური
2017 წლის მარტიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს, რამდენი დარჩა - ცნობილი არ არის

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირი/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მალე ერთი წელი შესრულდება.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, საქართველოს რამდენი მოქალაქე ესტუმრა ევროკავშირის ქვეყნებს უვიზოდ, რამდენს ეთქვა უარი და როგორია უვიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების სტატისტიკა.
პირველი არხის შეკითხვებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ უპასუხა.
– 28 მარტს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წელი სრულდება. ბოლო მონაცემებით, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით?
– ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საზღვრის კვეთიდან გამომდინარე, ანუ საქართველოდან პირდაპირი რეისით ვინც მიემგზავრება შენგენის ზონაში. იანვრის ბოლოსთვის, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, გასული წლის 28 მარტის შემდეგ უვიზო მიმოსვლით 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქემ შენგენის ზონის გადაკვეთა ვერ შეძლო და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს კონკრეტულ ქვეყანაში შეშვებაზე? ასევე, თქვენი მონაცემებით, რამდენი ადამიანი შევიდა უვიზოდ შენგენის ქვეყნებში და შემდეგში დაარღვია უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული პირობები?
– 600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროპის ქვეყანაში, შეიძლება ოდნავ მეტი, და ეს არის ძალიან მცირე რიცხვი. ყველა შემთხვევაში უარის თქმა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ობიექტურ გარემოებებთან, ან პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, ან დოკუმენტი აკლდა, მაგალითად, არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რასაც ითხოვენ ხოლმე საზღვარზე.
რაც შეეხება მათ, ვინც უკან აღარ დაბრუნდა – ამ მონაცემებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი ჩვენ ზუსტად ვერ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, ვინც უკან არ ბრუნდება დადგენილ ვადაში, არ ნიშნავს, რომ თავისთავად არღვევს სავიზო რეჟიმს. აქ შედიან ადამიანები, ვინც შეიძლება გავიდა მესამე ქვეყანაში, ანუ საქართველოში არ დაბრუნდა, მაგრამ რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავიდა შენგენის ზონიდან. შეიძლება ასევე იყვნენ ადამიანები, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და შესაბამისად, ჰქონდეთ ლეგიტიმური უფლება იქ დარჩენის. ასევე არიან ისინიც, ვინც მოკლე ვადით გაემგზავრა და შეიძლება იქ ადგილზე მიიღო უკვე ლეგიტიმური უფლება დარჩენის – სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ, ამ ციფრს ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით. ზოგადად, დარღვევების დიდი ციფრი არ გვაქვს, რომ რამე განგაშის საფუძველი შეიქმნას. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროკომისიის ანგარიშებით და საგანგაშო ტენდენციები არც იმ ანგარიშებშია. პირიქით, აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს სწორად საქართველოსთან დაკავშირებით.
თქვენ ახსენეთ ევროკომისიის ანგარიში. ერთ-ერთ ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირისთვის თავშესაფრის მინიჭების ევროპულმა ოფისმა EASO- მოამზადა, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით არის გაზრდილი. რამდენად საგანგაშოა ეს მაჩვენებელი?
– დამაფიქრებელი ნამდვილად არის, თუმცა საგანგაშო – არა. დამაფიქრებელია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა გვაქვს. საქართველოში გარკვეული ეკონომიკური, სოციალური პრობლემები არსებობს და ხალხი ცდილობს, ეს პრობლემები ამ გზით მოაგვაროს. საქართველომ გასულ წელს მიიღო უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად გარკვეულწილად ალბათ მოსალოდნელიც იყო და იყვნენ ადამიანები, ვინც ელოდნენ ამ რეჟიმის ამოქმედებას, მომზადებულები იყვნენ და ჰქონდათ სურვილი, წასულიყვნენ ქვეყნიდან. საინტერესო იქნება, დავაკვირდეთ დინამიკას და ვნახოთ, რომ ეს ტენდენცია არ შენარჩუნდეს, რომ არ დავარღვიოთ სავიზო რეჟიმის მოთხოვნები. კიდევ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ – სავიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ ამ რეჟიმის მოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს.
თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ასევე მინდა დავამატო, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს სისტემა, სადაც ქვეყნებს აფასებენ და საქართველო შეფასებულია და ჩართულია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში და, შესაბამისად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებს ავტომატურად ეუბნებიან უარს, ანუ არანაირი პერსპექტივა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს არ აქვთ. ეს პრაქტიკა ზოგ ქვეყანაში არ მოქმედებს და ზრდაც მხოლოდ ასეთ ქვეყანაში ხდება.
საქართველოს ხელისუფლება როგორ აპირებს შეაჩეროს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო საკუთარი მოქალაქეების მასობრივად გასვლა ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის საძიებლად?
– ამ პრობლემების გადასაჭრელად ბევრ რამეს ვაკეთებთ. ამაზე ზრუნვა გუშინ არ დაწყებულა. ამას ემსახურება მთელი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯები მოქალაქეებს, შეიძლება, დღესვე და ხვალვე არ შეეხოს, მაგრამ ტენდენცია ქვეყანაში ნამდვილად არის უკეთესი. იქმნება მეტი სამუშაო ადგილი, იგივე DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთახნმების) გამოყენებით მეტი შესაძლებლობები ეხსნება ქვეყანას, ანუ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გვაძლევს შესაძლებლობას, ახალი პროდუქცია ვაწარმოოთ და გავიტანოთ დიდ ბაზრებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უნდა გაფართოვდეს წარმოება, გაფართოებული წარმოება ნიშნავს მეტი ადამიანის დასაქმებას. შესაბამისად, ასეთმა ტენდენციებმა, რეფორმებმა, ნაბიჯებმა უნდა უზრუნველყოს სწორედ ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას უკეთესი სოციალური ფონი.
უვიზო რეჟიმის დამრღვევთა სტატისტიკას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ თქვით, რომ ზუსტი ციფრის დადგენა რთულია. როგორია მონაცემები რეადმისიის პროცესიდან გამომდინარე?
– თუ მოქალაქეს არ აქვს კანონიერი უფლება, იყოს შენგენის ტერიტორიაზე და მოხდება მისი დაკავება, მაშინ, როგორც იცით, ის ექვემდებარება რეადმისიას. ანუ საქართველოს აქვს უკვე აღებული ვალდებულება, რომ ასეთი ადამიანების უკან სამშობლოში დაბრუნება მოახდინოს. რეადმისიის ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და ესეც იყო აღნიშნული ევროკომისიის ანგარიშში. იქ ეწერა, რომ რეადმისიის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც ფიქრობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არის საუკეთესო. ეს სწორედ ამას გულისხმობს, როცა ფიქსირდება დარღვევა და ქვეყანას ეძლევა რეადმისიის მოთხოვნა, 98% შემთხვევებში ამ რეადმისიის განხორციელება ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ, რომ რეადმისიის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ.
ციფრებში თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მონაცემებია ბოლო ერთ წელში, რამდენი მოქალაქე დააბრუნა საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიით?
– 2 000-ზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის საშუალებით. ეს არის ბოლო ერთი წლის – 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის მონაცემები. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დამრღვევების რაოდენობა უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან, ანუ 2017 წლის მარტიდან, წინა წლების 2015-2016 წლების სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებულია 15%-დან 10%-მდე. როგორც იცით, ევროპის კონკრეტული ქვეყანა დამრღვევ პირებს საკუთარი რეგულაციებიდან გამომდინარე, ხუთ წლამდე ვადით უკრძალავს ქვეყანაში შესვლას და ასევე, შესაძლოა, სამი ათას ევრომდე ჯარიმაც დააკისროს.