პოლიტიკა
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ 2011 წლის ეროვნული პროგრამა დაამტკიცა

georgia_natoსაქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ 2011 წლის ეროვნული პროგრამა დაამტკიცა.

წლიური პროგრამა 28 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში პოლიტიკურ დონეზე განიხილეს და შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ, ახლა კი სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამა საბოლოოდ დამტკიცდა.

პროგრამა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სამართლებრივ, განათლებისა და სხვა სფეროებში რეფორმების გეგმებს მოიცავს.

როგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, წლიური პროგრამა საბოლოოდ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წარედგინება.

"დღეს უკვე ნატოში წინასწარი განხილვებისა და მაღალი რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ გადავამუშავეთ ჩვენი პროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინათ მივიღეთ და საბოლოოდ სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა წლიური ნაციონალური პროგრამა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში წარადგენს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

2011 წლის ეროვნულ პროგრამას 11 თებერვალს, ბრიუსელში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ელენე ხოშტარია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წარუდგენენ.