საზოგადოება
უარი უარს არ ნიშნავს?! - თავის გამართლებაში ლუკ კოფი საბოლოოდ დაიბნა - საქინფორმი

     საქართველო. 7 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველო დაჩქარებული წესით უნდა შევიდეს ნატოში, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ, ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მე-6 მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, რათა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
ლუკ კოფის კომენტარი პასუხად მოჰყვა პროტესტს, რომელიც საქართველოში გამოიწვია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის გასულ კვირას გამოქვეყნებულმა მოხსენებამ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, რომლის ავტორი თვითონვე გახლავთ - საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი. მანვე განაცხადა, რომ „საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ“, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.
რას გულისხმობდა სინამდვილეში ლუკ კოფი - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
ბმულზე გადასვლით კი მკითხველებს შეუძლიათ, ლუკ კოფის ზემოხსენებული მოხსენების ინგლისურ ორიგინალს და მის რუსულ თარგმანს გაეცნონ.