საზოგადოება
ფერმერები მიწების პრივატიზებაზე უარს ამბობენ

fermerebi_miwebiმიწის პრივატიზება 2011 წლის 1მაისამდე უნდა დასრულდეს. თუ მოიჯარეები ამ ვადაში პრივატიზებას ვერ მოასწრებენ, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის თანახმად, მოიჯარესა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება გაუქმდება და მიწა გაიყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის მიწა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამა თუ იმ რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურში ასეულობით განცხადება შედის ფერმერების მიერ სახნავ-სათესი მიწების ჩამოწერის თაობაზე. მოიჯარეებს მიწის დათმობა ძალიანაც უმძიმთ, მაგრამ გადასახადები აშინებთ. სხვათა შორის, მიწების დაბრუნება ადგილობრივ ბიუჯეტსაც დააზარალებს, რომელიც, ძირითადად, მიწის გადასახადით ივსება...

2010 წლის 9 აგვისტომდე მიწის პრივატიზება მიწის გადასახადის ათმაგი მოცულობა ღირდა. 2010 წლის 9 აგვისტოდან კი, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრივატიზების საფასური მიწის გადასახადის ოცმაგ მოცულობამდე გაიზარდა.

მთავრობის №394 დადგენილებით, 2011 წლის 1იანვრიდან მიწის გადასახადის ახალი განაკვეთები დაწესდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით. შესაბამისად, პრივატიზება საკმაოდ ძვირი ჯდება, ფერმერებს ფულის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. მაღალ საფასურთან ერთად საქმეს ისიც ართულებს, რომ პრივატიზაციის პროცესი დროებით შეჩერებულია.