პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევითი სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს ელიზაბეტ მილარდს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს ტედ პოს და თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს 10 თებერვალს დაასრულებს.