პუბლიკაციები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებში ომის ვეტერანებთან შეხვედრებს მოაწყობს

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, დებულებიდან გამომდინარე, მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების, მხედრული ტრადიციების განმტკიცების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების სათანადო აღიარების მიზნით, 2018-19 წლების მანძილზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ძირითადად საშუალო სკოლებში) გეგმავს ომის ვეტერანების შეხვედრებს უფროსი კლასებს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან.
აღნიშნული შეხვედრების დაწყება დაგეგმილია რეგიონებიდან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლების მიერ შერჩეულ სკოლებში (ძირითადად შეირჩევა სკოლები, სადაც აღიზარდნენ ომში დაღუპული გმირები, ომის ვეტერანები, ან მათი შთამომავლები).
შეხვედრების დაგეგმვა მოხდება სკოლის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. შეხვედრაზე, შესაძლებლობების შესაბამისად, სასურველია ბავშვებმა წარმოადგინონ ლიტერატურული ნაწარმოებები და ნახატები - ომისა და მშვიდობის, სამშობლოს, მებრძოლების ან სხვა პატრიოტულ თემებზე, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენი სამსახურის ვებ-გვერდზე. ხოლო საუკეთესო ნამუშევრების ავტორები მოწვეულნი იქნებიან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში 17 ოქტომბერს "ვეტერანის დღეზე" და დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
საუკეთესო ნამუშევრები გამოიცემა ბროშურის სახით და უსასყიდლოდ გადაეცემა ღონისძიებაში მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.