საზოგადოება
სირცხვილი!!! განათლების მინისტრმა ჩხენკელმა საქართველოს სკოლებში მეორე უცხო ენის, მათ შორის - რუსულის სწავლება გააუქმა!

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელ
ბატონო მიხეილ,
ჩვენთვის ცნობილია, რომ ამა წლის 18 იანვარს თქვენ თქვენს თანამშრომლებს გააცანით ახალი სტრატეგია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საათობრივ ბადესთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის მიხედვით მეორე უცხოური ენა აღარ არის გათვალისწინებული მასში, როგორც სავალდებულო.
გთხოვთ გაგვცეთ ოფიციალური პასუხი: რის საფუძველზე მიიღეთ აღნიშნული პროექტის წარდგენის გადაწყვეტილება?
გადაწყვეტილების მიღებამდე რატომ არ გქონდათ საკითხის ფართო და ღია განხილვა მეორე უცხოური ენის სკოლის მასწავლებლებთან და უმაღლესი სასწავლებლების უცხოური ენის პროფესორ-მასწავლებლებთან?
ასევე გთხოვთ, პუნქტობრივად გაგვცეთ პასუხი, რამდენად გაითვალისწინეთ გადაწყვეტილების მიღებისას შემდეგი სამი ფაქტორი:
საქართველოს აღებული აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კურსი, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამ კი შეიძლება ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ჩვენს გაერთიანებას, ვინაიდან ჩვენ ვარღვევთ ევროკავშირში არსებულ და ჩვენი კურსით გაზიარებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დებულებას, კერძოდ:
ყველა ევროპულ ქვეყანაში (გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა მშობლიური ენა დომინანტია მსოფლიოში) სავალდებულოა ისწავლებოდეს მინიმუმ 2 უცხოური ენა. (Key Data on Teaching Languages at School in Europe, 2017 Edition, Eurydice Report, გვ. 30).
გარდა ამისა, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროსაბჭოს დოკუმენტებში კი ცალსახად არის აღნიშნული, რომ პრიორიტეტულია პლურილინგვური, ინტერკულტურული განათლება, რაც ცალსახად ნიშნავს უცხოური ენების სწავლებას.
ევროსაბჭოს დოკუმენტებში მითითებულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიან განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობა, მეორე უცხოური ენის სავალდებულო სტატუსის გაუქმება კი დააზარალებს, პირველ რიგში, ხელმოკლე ოჯახების შვილებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვების უცხოურ ენებში კერძოდ მომზადებას და მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.
2.1. საქართველოს მოსახლეობას გახდის დაბალკონკურენტუნარიანს ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც.
არაინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან საქართველოს მთავრობაშიც. აღნიშნული პროექტის რეალიზებით თქვენ ართმევთ მომავალ თაობას უფლებას, მიიღონ განათლება არაინგლისურენოვან სასწავლებლებში და გახდნენ წარმატებული ადამიანები.
2.2. საქართველოში ინვესტიცია ძირითადად არაინგლისურენოვანი კომპანიებისგან შემოდის, ამ კომპანიებში ადგილობრივი დასაქმებული ადამიანების წინსვლისთვის საჭიროა არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა.
2.3. საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი მოღვაწეობს არაინგლისურენოვან ქვეყანაში, ამ ტენდენციას გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ძნელად თუ აღუდგება რამე. მომავალში ქართველი მოქალაქეების მიერ ადგილობრივი ენის არცოდნა მათ გახდის დაბალკონკურენტუნარიანს. შესაბამისად, ჩვენ დავკარგავთ არაინგლისურენოვანი ბაზრის ათვისების საშუალებას, რაც მძიმედ აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ვინაიდან არაინგლისურენოვანი ქვეყნებიდან საქართველოში ირიცხება დიდი რაოდენობის ფულადი სახსრები, რაც ჩვენი ქვეყნის შემოსავლის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
2.4. ეკონომიკის ყველაზე სტაბილურად მზარდ სეგმენტს წარმოადგენს ტურიზმი. კარგად მოგეხსენებათ, ტურისტების უდიდესი ნაწილი არ ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, ჩვენი მომსახურების სფერო ენის არცოდნის გამო მათთვის გახდება არაკომფორტული, რაც, საბოლოო ჯამში, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.
კადრები
ზემოთ აღნიშნული ძირითადად ეხებოდა მომავალს. დღეს კი მეორე უცხოურ ენას ასწავლის დაახლოებით 6 ათასი ადამიანი. რას ეუბნებით მათ? რომ მათი ცოდნა და მათ განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯებიც იყო და არის ფუჭი?
დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. ვინაიდან ისინი ვერ ახერხებენ ხელის მოსაწერად დედაქალაქში ჩამოსვლას, მათ მიერ ადგილზე დაფიქსირებულ ხელმოწერებს წერილს ვურთავთ დასკანერებული სახით.