საზოგადოება
EASO - საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისი (EASO) ბოლო ერთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკაში მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან ევროპაში მიმართვიანობასთან დაკავშირებული პროცესებია აღწერილი.
EASO-ს მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში ევროპის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით არის გაზრდილი.
მონაცემები მოიცავს 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდს.
EASO-ს ცნობით, მხოლოდ გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით 1 465 განცხადებაა აღრიცხული. თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის ანგარიშში, საქართველოს ცხრილში ჩანს, რომ განცხადებებზე უარის თქმის შემთხვევები მაღალია.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერში 1 465 ახალი აპლიკანტიდან თავშესაფარზე უარი საქართველოს 879-მა მოქალაქემ მიიღო. მხოლოდ 13 მოქალაქეს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა, 5 მოქალაქე დროებითი სუბსიდირების პროგრამაში მოხვდა, დანარჩენების ბედი კი გაურკვეველია.
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პასუხის მოლოდინში ამჟამად საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული 3 117 ქეისია.
EASO-ს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნებში 13%-ით არის შემცირებული თავშესაფრის მინიჭების დაკმაყოფილების შემთხვევები.
2017 წელს თავშესაფარი ჯამში 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, წინა პერიოდის სტატისტიკასთან შედარებით, 43%-იანი კლებაა.
ცალკეული ქვეყნებიდან მოთხოვნების ზრდის რაოდენობით სიის სათავეში არიან სირიის, ერაყის, ავღანეთის და ნიგერიის მოქალაქეები.
EASO თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით შედგენილ სიაში ტოპ-10 ქვეყნის გარდა, ასევე საყურადღებოა საქართველოს, ვენესუელ (+158%) და თურქეთის (+45%) გაზრდილი მონაცემები.
თავშესაფრის მინიჭების ევროპულმა ოფისმა კვლევა ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა. ეს მონაცემები ევროკავშირისთვის სახელმძღვანელო გახდება.