პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე - „საქინფორმისთვის“: ყიფიანს თუ გავრილოვს ამჯობინებთ, მაშინ საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებლად იასპარეზოს!

     საქართველო, 5 თევერვალი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე იხსენებს: "იესლი კიპიანი სიგრალ პა-გავრილოვსკი" (კომენტატორ ოზეროვის ცნობილი ფრაზა), პრედპაჩწენიე ატდაიოწე გავრილოვუ სტავიწე ივო ასნავნომ სასტავე სბორნოი ესესესერ, ტო ტაგდა რაზრეშიწე ნამ, ჩტობი სბორნაია გრუზიი პა fუტბოლუ ვისტუპალა ნეზავისიმა ნა მეჟდუნაროდნოი არენე, კაკ ნაპრიმერ სტრანი ვხაძიაშიე ველიკობრიტანიი, - შატლანძია, სევერნაია ირლანძია უელსს"! --- ეს სიტყვები, 1981 წელს მოსკოვში, უნივერსიტეტის ვესტიბიულში ვუთხარი ერთ რუს ასპირანტს, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" ფანი იყო და გამწარებული მიმტკიცებდა, რომ სპარტაკელი გავრილოვი, თურმე "ერთი თავით ჯობდა" ჩვენს დათო ყიფიანს და რომ სსრკ-ს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში გავრილოვს უნდა ეთამაშა და არა ყიფიანს (ასეც ხდებოდა)!?.. მოკლედ, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ თავი ძლივს შევიკავე და "ფიზიკურად არ დავეკონტაქტე" (21 წლის ვარ, მეორე კურსის სტუდენტი, გესმით, ალბათ..)
ჩემს თავხედ ოპონენტს და შემოვიფარგლე იმ "ტევადი" ციტატით, რომელიც ზემოთ წერია! მაგრამ, თურმე მწარედ შევცდი, ჯობდა, რომ "სიფათი შემელამაზებინა" მისთვის, ვიდრე ეს "ყოვლისმომცველი" წინადადებები მეთქვა!.. საქმე ის არის, რომ ამ ე.წ. ფეხბურთის ფანს, რომელიც ამავდროულად, ემგეუს პარტკომის წევრიც ყოფილა, ჩემს მიერ წარმოთქმული ფრაზები სიტყა-სიტყვით მოუხსენებია იქ, "სადაც საჭირო იყო"!
ჰოდა, დაიწყო, მარა რა დაიწყო! ერთი კვირის მანძილზე, დამატარებდნენ კაბინეტიდან კაბინეტამდე: უნივერსიტეტის პრორექტორთან, უნივერსიტეტის კომკავშირის 1 მდივანთან (კომკავშირელი გახლდით, ვაღიარებ..) ჩემი ფაკულტეტის დეკანთან, კურსის კურატორთან და სად არა. მოკლედ, ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სტუდენტ კირვალიძეს, "პოლიტიკური კონტექსტი" არ ჰქონდა მხედველობაში (რასაც მე, ყველა კაბინეტში დაბეჯითებით ვამტკიცებდი და ასეც იყო, არ დავიწყებ ახლა იმის დაბრალებას, რომ "ერთ-ერთი პირველი დისიდენტი ვიყავი-თქვა") და მხოლოდ სპორტულმა აზარტმა და ემოციამ (მაინც კავკასიელია და მისი ბრალი არაა, რომ "ცხელი სისხლი აქვსო"), მას "ათქმევინა ის სულელური სიტყვები, რაც გაცნობიერებულიც არ ჰქონდა-ო"! დიიიააახხხ, გამომიცხადეს მკაცრი საყვედური "პირად საქმეში შეტანით" და გამაფრთხილეს, რომ თუ ამდაგვარი რამ გამეორდებოდა, მაშინ უეჭველად გამრიცხავდნენ უნივერსიტეტიდან! ..
აი, ასე გადავრჩი პირველად (მეორედ, 1983 წელს, პირჯვარის გადაწერის გამო, კინაღამ "უდიპლომო სასიძო" გამხადეს. ამაზე, უკვე დავწერე მოგონება.), ლომონოსოვის უნივერსიტეტიდან გარიცხვას, - ქართული ფეხბურთის და დიდი დავით ყიფიანის პრესტიჟის გამო!”.