პოლიტიკა
რუსეთი ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორია - გრიგორი კარასინი

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ეკონომიკურ სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.
წლის ბოლოს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მესამედზე მეტით გაიზარდა და ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რუსეთი არის ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი.
კერძოდ, რუსულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული მთელი ღვინის ორი მესამედი მოხვდა. მდგრადად ვითარდება სატრანსპორტო კავშირიც. მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება განიხილავს დამატებითი რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას. ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატვირთულობასთან დაკავშირებით სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სარკინიგზო-საბორანე კავშირი პორტ-კავკაზსა და ფოთს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რუსული მხარე შეშფოთებულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გამო.
რუსულმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, მათ შორის მანევრების ჩატარების, იარაღის მიწოდებისა და სამხედროების სწავლების გამო. აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო პლატფორმებზე კონფრონტაციული ანტირუსული ქმედებებით, ორმხრივი ნორმალიზაციის მიღწევებს საფრთხის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყება აღნიშნავს, პრაღაში შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ რუსეთის მიერ საბაჟო ვაჭრობის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შეთანხმების ძირითადი პრინციპების არაკორექტული ინტერპრეტაციის საკითხი დააყენა.
პასუხად მას მოუყვანეს დოკუმენტის კონკრეტული ტექსტი. ამასთან, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ამ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკური არსის დიდი ხნის წინ ცნობილი განსხვავებული შეფასებები პრობლემად არ უნდა იქნეს წარმოჩენილი. საჭიროა მხოლოდ შეთანხმების შესრულება მისი პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.