რასობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობისთვის საქართველოში ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან
სამართალი
რასობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობისთვის საქართველოში ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული .. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 28 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა .-.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 იანვარს რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ირაკლი . და ლევან . სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით; აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.
„ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს ლევან ა-მ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.