საზოგადოება
აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა

achara_tovliდიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ბოლო ინფორმაციით, სხვადასხვა სოფლებში ჩამოწოლილმა ზვავმა 10-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი და კიდევ დამხმარე ნაგებობები წაიღო. როგორც რაიონის ხელმძღვანელობა აცხადებს, მსხვერპლი არ არის.

სოფელ ვაშლოვანში ბეჟან და ჯამბულ აბულაძეების, ასევე, სოფელ მანიაკეთში ბაირამ საგინაძის სახლები და დამხმარე ნაგებობები ზვავმა წაიღო. ზოგიერთ სოფელში ზვავმა სახოვრებელი სახლი თოვლით გაავსო. ღორჯომის თემში ტარიელ ბერიძეს ზვავის შედეგად ბევრი პირუტყვი დაეღუპა.

დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა ქედის რაიონის რამდენიმე სოფელშიც. ამ დროისთვის სატრანსპორტო გზა ჩაკეტილია სოფელ ზვარეს 100–მეტრიან მონაკვეთზე. ზვავმა სოფელ ცხემნასა და დაბა ქედაში საცხოვრებელ სახლებამდეც მიაღწია. აქ საცხოვრებელი კორპუსები არ დაზიანებულა, მაგრამ მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით დაცულ ადგილას გადაიყვანეს. ქედის რაიონში უკვე მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა. გზებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სატრანსპორტო მიმოსვლა ზვარეს მონაკვეთზე დაახლოებით 3 საათში აღდგება.

უამინდობაა ქობულეთშიც – ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სტიქიის ზონაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის დაზარალებული მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.