საზოგადოება
ბიზნესი საქართველოში არსებულ გარემოს საქმიანობისა და განვითარებისთვის ხელსაყრელად აფასებს

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისა და გრძელვადიანი განვითარებისთვის - ასეთია საქართველოს მსხვილი და წამყვანი კომპანიების შეფასება.
კვლევის - საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით" შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო.
კვლევის თანახმად, კერძო სექტორი გამორჩეულად დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემასა და საგადასახადო ადმინისტრირებას, რაც, კომპანიების აზრით, ბოლო სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის ფარგლებში მეწარმეებმა ასევე შეაფასეს მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო და შრომის ბაზარი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელი მთლიანობაში, დაგეგმილზე მაღალი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა.
"ზრდის მაჩვენებლები იყო დაგეგმილზე მაღალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით; მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის ხუთეულში შევედით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა, ხაზი გაუსვა მის გამოცდილებას ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და ბიზნესის წარმომადგენლებს მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალური გულწრფელობისა და გახსნილობისკენ მოუწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა ბიზნესსექტორის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზე მუშაობაც, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაგრძელდება.