სამართალი
ქართული მხარე ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმე კომპრომისს არასოდეს დათანხმდება! - მამუკა მდინარაძე

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ქართული მხარე არასოდეს დათანხმდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმე კომპრომისი მოხდეს. პირველ არხთან საუბარში მამუკა მდინარაძე Heritage Foundation-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო არანაირ კომპრომისზე არ წავა.
ვერაფრით დავადასტურებ იმას, რომ შეიძლება, ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალიც კი იყოს, რადგან არანაირ კომპრომისზე არ წავალთ და იმ საკითხზე საუბარი, რომელიც ჩვენს ტერიტორიებს შეეხება, არ იქნება არც დღეს და არც ხვალ. რაც შეეხება ამ თემას მთლიან კონტექსტში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობაა და ამ მიმართულებით კომპრომისზე საუბარი ზედმეტია. თუკი ოდესმე, ახლო მომავალში, საუბარი იქნება, რომ დე იურე საკითხი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ეხება, გადაიხედოს და რაიმე გადაწყვეტილების მიღება ამის ხარჯზე მოხდეს, საქართველო ამას არასოდეს დათანხმდება”, – აღნიშნა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ საქართველოს დელეგაციის რომელიმე წევრს მსგავს კომპრომისზე ესაუბროს.
არ მგონია, რომ საქართველოს დელეგაციის რომელიმე წევრს ოდესმე პირად საუბარში ასეთი რამ დაეფიქსირებინოს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან სახელისუფლებო წრეებში ამაზე საუბარიც კი არ წამოწყებულა და არც არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, საინტერესოა, ეს დასკვნა ვისი პირადი საუბრიდან გამოიტანა, რომ ეს ასე იყო?! შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო და ჩვენი დელეგაცია მსგავს თემაზე არასოდეს საუბრობს”, – აცხადებს მდინარაძე.
აღნიშნული საკითხის გარდა, მდინარაძე ყურადღებას ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ქართული მხარე ნატოს რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს, რაც ალიანსთან ქვეყნის დაახლოებისთვის არის საჭირო.
ნატოს წარმომადგენლები საქართველოს განსაკუთრებულ სწრაფვასა და ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს ყველა მინისტერიალზე ყოველთვის ხაზს უსვამენ. 2018 წლის სამიტისთვის პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და იმედია, ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩვენი დაახლოება ძალიან მალე მოხდება”, – განაცხადა მდინარაძემ.