აქტუალური
რუსეთმა ნაბიჯი უკან გადადგა, როდესაც აშშ-სთვის მიუღებელი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა - იან კელი

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან კომენტარი ბოდბეში გააკეთა, სადაც ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
„ჩვენთვის მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო რუსეთის სახელმწიფო დუმამ – დოკუმენტის რატიფიცირება, რაც „სამხრეთ ოსეთის“ ჯარების ინტეგრაციას გულისხმობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. უნდა შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჯარების დაბრუნებას იქ, სადაც კონფლიქტამდე იყო. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი და მიმართულება, რუსეთის ქმედება არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას“, – განაცხადა იან კელიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას. „ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „შეთანხმებას“, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელია – აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.