საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. მერაბიშვილის მთავარი „ანალიტიკოსი“ შოთა უტიაშვილის ამასწინანდელი აღიარება, აჰმედ ჩატაევი „ჩვენი მოკავშირე“ იყოო, ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ ამავე დროს თავადვე სცემს პასუხს ამ კითხვებს. „ჩატაევი ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარია“ - ვვარაუდობ, რომ „ბრძენი ვანო“ ასე ფიქრობდა, შესაძლოა, ასე თქვა კიდეც, თავის „ანალიტიკოსთან“ საუბარში, ამერიკელი პრეზიდენტების წაბაძვით. მაგრამ „ნაბიჭვრები“ ხშირად უჯანყდებიან თავიანთ უკანონო მშობლებს და ცუდ დღეში აგდებენ მათ, ოსამა ბინ ლადენისა არ იყოს. ასე დაემართა წინა ხელისუფლებას, ასე მოუვა დღევანდელსაც, თუკი დროზე არ გაკეთდა სწორი დასკვნები.
ჩვენი ლოკალური „ბინ ლადენები“ - ანუ საერთაშორისო არენაზე გასული ქართველი ტერორისტები, საქართველოს არაფრად აგდებენ, ისინი არ აღიარებენ სამშობლოს ცნებას, ხოლო საღვთო კანონებზე მუდმივი აპელირება, სინამდვილეში სატანის სამსახურის შესანიღბად არის გამიზნული.
ისლამში არის „თაყიას“(არაბ.: تقي) ცნება, რომელიც „ისლამის სახელით სიცრუეს“ ნიშნავს. მორწმუნეს უფლება ეძლევა, შენიღბოს, დამალოს და, თუ საჭიროა, უარჰყოს საკუთარი მრწამსი, ისლამის ინტერესებიდან გამომდინარე, მანამ, სანამ ძალა აშკარად მის მხარეს არ გადაიხრება. „თაყია“ განსაკუთრებით პოპულარულია ექსტრემისტებში, ანუ რადიკალური, შეუწყნარებელი ისლამის მომხრეებში და, მათ შორის, ტერორისტებში. „თაყიათი“ განმსჭვალულია პანკისელი ვაჰაბიტების რიტორიკა და პრაქტიკული ქმედებები. მათ კარგად აითვისეს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი „პოლიტიკური კორექტულობის“ ენა, ამბობენ, რომ არიან კანონმორჩილნი, პატივს სცემენ ქართულ სახელმწიფოს და მას ემსახურებიან კიდეც, მაგრამ ფაქტები სხვას მეტყველებენ. უკვე რამდენიმე ათეული პანკისელი ექსტრემისტი დაეცა სირიის ომში. მეტიც, ცნობილია ფაქტები, რომ უკვე ეთნიკურად ქართველი მუსლიმები, თავისი ზომიერებით ცნობილი აჭარის მკვიდრნი, ეწერებიან ტერორისტული ლაშქარის რიგებში და უცხოეთიდან ემუქრებიან საქართველოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ უკვე მერამდენეჯერ დასჭირდათ ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ჩაეტარებინათ ძალოვანი ოპერაციები ექსტრემისტების გასანეიტრალებლად. ეს ფაქტები პანიკას არა, მაგრამ განგაშის განწყობას უნდა იწვევდეს ჩვენში. არ შეიძლება, ყურადღება გადავიტანოთ მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად სწორად იმოქმედა კონკრეტულ ვითარებაში სპეციალური დანიშნულების რაზმმა, მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესი.
პანკისში რომ ვაჰაბიტებმა მოწამლეს ახალგაზრდობის გონება, კარგად არის ცნობილი. 2016 წელს ყურბან ბაირამის (არაბ.: იდ ალ-ადჰა) ზეიმს პანკისში ახალგაზრდების მრავალრიცხოვანი ჯგუფები ვაჰაბიტური საუდეთის მწვანე დროშითა და ექსტრემისტული შავი დროშებით შეხვდნენ. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ პატივს სცემენ და როგორ ემსახურებიან იქ საქართველოს. უბედურება ისაა, რომ სამართალდამცავებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ უწყოდნენ, არ მიუქცევიათ ყურადღება. სანამ იარაღზე და კონკრეტულ ტერორისტულ აქტებზე არ მიდგება საქმე, სამართალდამცავები არაფერს აკეთებენ. თუმცა ეს მათი საქმე არც არის, იდეოლოგიურ ბრძოლაში სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა უნდა იყოს ჩაბმული, დაწყებული კანონმდებლებიდან. ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობა არ ზღუდავს რელიგიურ ქადაგებას, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მქადაგებლის საქმეში. ჩვენც არ ვიცით ან ვიცით და ვერაფერს ვუპირისპირებთ, ვაჰაბიტი მქადაგებლების საქმიანობას (ვაჰაბიტები ჩვენთან საკუთარ თავს სალაფიტებს უწოდებენ, რადგან ტერმინი „ვაჰაბიტი“ მთელ მსოფლიოში უფრო ნეგატიურად აღქმება, თუმცა სალაფიტი და ვაჰაბიტი თითქმის ერთი და იგივეა). არადა, ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეზე (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და სხვ.) კანონმდებლობა არეგულირებს ქადაგების, რელიგიური ლიტერატურის გავრცელების და სხვა, რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიცი, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა თუ იქნა, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად - ვაჰაბიტების მფარველები, ასტეხენ განგაშს, რომ თითქოს ირღვევა „რელიგიური თავისუფლებები“, მაგრამ მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სახელმწიფომ თავისი სიტყვა უნდა სთქვას. სხვა შემთხვევაში, ტერორიზმთან ბრძოლა ტერორისტულ იდეოლოგიასთან ბრძოლის გარეშე, უაზრობაა!
ტყუილად ნუ გვამშვიდებენ, რომ ვახტანგ ფარეულიძემ (იგივე აბდურაჰმანი), უარი თქვა თავის ექსტრემისტულ შეხედულებებზე და მხარს აღარ უჭერს „ისლამურ სახელმწიფოს“. მან „თაყიას“ უფლება გამოიყენა, თან თბილისში არსებულ ბიზნესს უფრთხილდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ მისი „ჯამაათი“ ავრცელებს მავნე იდეებს და ამ პროპაგანდამ ისეთი ჰუმანისტი ქისტი პოეტის შვილი (გურამი) და ოჯახი მოიცვა, როგორც ბ-ნი სულემან გუმაშვილია. გურამ გუმაშვილის კავშირები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ცნობილი იყო, მაგრამ ქართულმა სახელმწიფომ აქაც დააგვიანა, არ მიიღო პრევენციული ზომები და საქმე სისხლიან სპეცოპერაციამდე მიიყვანა.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მუსლიმური სახელმწიფოების გამოცდილება ექსტრემისტულ ქადაგებასთან ბრძოლის თვალსაზრისით, შემუშავებულ იქნას სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, გაძლიერდეს თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, რუსეთის ჩათვლით, ანტიტერორისტული მიმართულებით. ოღონდ, კიდევ ერთხელ: ნუ დაგვავიწყდება, რომ ტერორიზმი იარაღით მთავრდება, მაგრამ პროპაგანდით იწყება!
გულბაათ რცხილაძე,
პოლიტოლოგიის დოქტორი