საზოგადოება
მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში! - შსს

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ილაპარაკა:
"ზემოაღნიშნული კომპლექსური პრობლემის ერთგვარი გამოვლინებაა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მომხდარი ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. აღნიშნული განპირობებული იყო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ 2 მოქალაქის მხოლოდ დაკავებაა ასახული.
2018 წლის 28 იანვარს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას, კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა. პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახდენდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს აღნიშნული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში ხსენებულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით.
ამავე დროს, დაუმორჩილებლობის ყოველ შემთხვევაზე პოლიციას ექნება კანონის შესაბამისი მკაცრი რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ, როცა პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად სამინისტროსთვის შესაძლოა იყოს არასასიამოვნო, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ჩვენებით და საზოგადოებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.