საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. პროგრამა Conflict Zone-ს სტუმარი - საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ტიმ სებასტიანთან (Tim Sebastian) მწვავე ინტერვიუში მან განმარტა, რატომ გადადგა გუბერნატორის პოსტიდან და რატომ არ მიდის უკრაინიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს (ვიდეო იხ. აქ).
მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც საქართველოს ეხება:
ჟურნალისტი – მოდი, ვისაუბროთ საქართველოზე, თუ წინააღმდეგი არ ხართ. 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად დამნაშავედ გცნოთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მოგისაჯათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააკაშვილი – დიახ.
ჟურნალისტი – სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეიწყალეთ ოთხი პოლიციელი, რომლებიც ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ეს ამნისტია, სასამართლოს დასკვნით, იყო გარიგების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ საქმეში მტკიცებულებების დამალვას.
სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მოდით…
ჟურნალისტი – თქვენ ამბობთ, რომ ეს სიცრუეა.
სააკაშვილი – თანამედროვე ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მან ამნისტიის უფლებით ისარგებლა. თქვენ გახსოვთ ბილ კლინტონი, მან შეიწყალა თავისი…
ჟურნალისტი – საქმე მხოლოდ ამნისტიას არ ეხება, ლაპარაკია იმაზე, დაეხმარეთ თუ არა თქვენ მტკიცებულებების დამალვაში, რომელთაც შეეძლოთ ამ საქმის დეტალების გამოააშკარავება.
სააკაშვილი – მართალია, არავინ და არასდროს... საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ამნისტიის შეუზღუდავ უფლებას აძლევს. ეს პირველი, მეორე – ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და ისინი ამნისტირებულები იყვნენ 143 სხვა ძალოვანთან ერთად.
ჟურნალისტი – დიახ, მაგრამ საქმეში იყო უამრავი გაურკვევლობა. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა მთლიანად გამოძიება.
სააკაშვილი – დიახ.
ჟურნალისტი – სტრასბურგში მივიდნენ დასკვნამდე, რომ თქვენ მტკიცებულებების დამალვაში ხართ გარეული, ხომ ასეა?
სააკაშვილი – არა.
ჟურნალისტი – სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ სასამართლო გაოცებული იყო, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა შტოები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების ორგანოები, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტიც კი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა სამართალი არ აღსრულებულიყო. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა თქვენ წინააღმდეგ.
სააკაშვილი – დიახ, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მივიდა დასკვნამდე, რომ ის ფაქტობრივად მძევალია, სანამ საქართველოს მოქმედი მთავრობა ჩემ წინააღმდეგ ეძებს მტკიცებულებებს და რადგან მათ უარი თქვეს ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებების წარდგენაზე, ეს არის პოლიტიკური საქმე. საქართველოს მთავრობამ დაიქირავა ათი ყველზე ძლიერი გამომძიებელი მსოფლიოში. მათი ჩათვლით, ვინც უკვე გადადგა…
ჟურნალისტი – თქვენ მაშინ იყავით პრეზიდენტი.
სააკაშვილი – საქართველოს მოქმედ მთავრობას „გაზპრომის“ ყველაზე დიდი აქციონერი აკონტროლებს.
ჟურნალისტი – მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 2011 წელს მოხდა.
სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მათქმევინეთ..
ჟურნალისტი – თქვენ მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყავით.
სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მათქმევინეთ, რა ხდება ახლა…
ჟურნალისტი – მე ეს ვიცი. მოდი, ნუ გადავიტანთ ყურადღებას და ვისაუბროთ იმაზე, რაც მაშინ მოხდა. მაშინ ამ საქმეს საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
სააკაშვილი – დიახ, და ევროპულმა სასამართლომ ეს გააკრიტიკა, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, პრეზიდენტს ამნისტიის შეუზღუდავი უფლება აქვს, ასე რომ, ეს საქმე არის პოლიტიკური და მე აგიხსნით, რატომ.
ჟურნალისტი – ბატონო სააკაშვილო, რჩება ეჭვი, რომ გირგვლიანი მოკლეს თქვენი მაღალჩინოსანი თანაშემწის დაკვეთით, ხოლო 4 პოლიციელი დაარწმუნეს, დანაშაული საკუთარ თავზე აეღოთ და სამაგიეროდ სოლიდურ თანხას და თავისუფლებას დაჰპირდნენ.
სააკაშვილი – არა, ადამიანები, ვინც მკვლელობა ჩაიდინეს, დაისაჯნენ და მათ სასჯელის დიდი ნაწილი მოიხადეს…
ჟურნალისტი – ისინი ისე გაასამართლეს, რომ მოსამართლეს დანაშაულის მოტივიც კი არ უკითხავს.
სააკაშვილი – მაგრამ, იცით, იგივე მოსამართლე…
ჟურნალისტი – სასამართლო პროცესი სულ დარღვევებით მიმდინარეობდა. თქვენ ეს იცით.
სააკაშვილი – იგივე მოსამართლე მონაწილეობდა ჩემი მთავრობის წევრების საწინააღმდეგო პროცესებში, ასე რომ, სამწუხაროდ, მოსამართლეები….
ჟურნალისტი – გირგვლიანის დედას ემუქრებოდნენ. მისგან დუმილს ითხოვდნენ. სთავაზობდნენ ფულს, თუ ის გაჩუმდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ძალით გაჩუმებას ჰპირდებოდნენ. ეს ძალიან ბინძური საქმე იყო, ხომ ასეა?
სააკაშვილი – ბატონო სებასტიან, შეხედეთ, სახელმწიფო, რომელიც მე ჩავიბარე, იყო იმ მომენტისთვის შეუმდგარი სახელმწიფო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ მე შევძლებდი, გადამექცია ქვეყანა, რომელსაც ბიუჯეტი არ ჰქონდა, სადაც არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, კარგად განვითარებად სახელმწიფოდ და წარმატებული რეფორმების მაგალითად. თუმცა მისი გადაქცევა უნაკლო ქვეყნად შეუძლებელი იყო.
ჟურნალისტი – დავუბრუნდეთ გირგვლიანის საქმეს. ჩემი აზრით, ეს იყო სასამართლოსთვის ხელის შეშლა.
სააკაშვილი – ჩვენს სასამართლო სისტემაში იყო სუსტი ადგილები და ეს სიმართლეა. მე ვაღიარებდი…
ჟურნალისტი – ბრალდება ასეთია – თქვენ სამართლიანობის აღსრულებას ხელი შეუშალეთ.
სააკაშვილი – ეს უბრალოდ ტყუილია, ჩვენი…
ჟურნალისტი – ადვილი სათქმელია.
სააკაშვილი – ჩვენი იურიდიული სისტემა იყო სუსტი და ახლა უფრო შესუსტდა.
ჟურნალისტი – მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც თქვენი „მიღწევები“ არ იყო სახარბიელო.
სააკაშვილი – საქმე ისაა, რომ..
ჟურნალისტი – თქვენ ხომ ამ დროს საქართველოში იყავით? თქვენ დაესხით თავს თავისუფალ მედიას, ტელეკომპანია „იმედს“, რომელსაც დაესხნენ თავს თქვენი უსაფრთხოების ძალები 2007 წელს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაუნადგურეს ტექნიკა.
სააკაშვილი – მაგრამ ისინი მაინც დაბრუნდნენ ეთერში.
ჟურნალისტი – ტელეკომპანია ეთერში დაბრუნდა, თუმცა თქვენ დაამყარეთ არალოიალურ ტელეარხებზე კონტროლი ხუთი წლის ვადით.
სააკაშვილი – დიახ, ისინი დღემდე მუშაობენ. „იმედს“ მე ვეზიზღები. იყო უამრავი სხვა ტელეარხი. ჩემი მუშაობის მთავარი შედეგი ის არის, რომ რეგიონში, სადაც ძალაუფლებაზე არავინ არასდროს უარს არ ამბობს, მე თვითონ წავედი არჩევნების შედეგად. მე მივეცი უფლება, ძალაუფლების გადაცემა მომხდარიყო.
ჟურნალისტი – და ასეც უნდა მოქცეულიყავით. თქვენ ითხოვთ აღიარებას იმის გამო, რომ მოიქეცით იმგვარად, როგორც მოიქცეოდა ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალური პრეზიდენტი.
სააკაშვილი – არა, ჩვენს რეგიონში ასე არ არის. მიმოიხედეთ, ამ რეგიონში ამას არავინ აკეთებს.
ჟურნალისტი – თედო ჯაფარიძემ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თქვენს მთავრობაში, განაცხადა, რომ თქვენი მმართველობის ბოლო წლებში ცხადი გახდა, რომ თქვენ თანამდებობის გამოყენებით ცდილობდით, შეგექმნათ ფეოდალური სისტემა, რომელსაც ვერავინ შეარყევდა. მან მმართველობის ამ სტილს ავტორიტარული უწოდა. ასეც იყო, ხომ მართალია?
სააკაშვილი – თედო ჯაფარიძე „გაზპრომის“ აქციონერზე მუშაობს.
ჟურნალისტი – ასევე ამბობენ, რომ თქვენ საკუთარ ხალხს უთვალთვალებდით, გქონდათ ბინძური არქივი, რომელიც სავსე იყო პოლიტიკოსების, აქტივისტების, ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი სცენებით, რომ შემდეგ ის გამოგეყენებინათ…
სააკაშვილი – არავის ეს არ გაუკეთებია, ნუ იმეორებთ რუსულ პროპაგანდას.
ჟურნალისტი – თუმცა ეს ჩანაწერები ჟურნალისტების წინ საჯაროდ გაანადგურეს 2013 წელს.
სააკაშვილი – ტყუილია, არავის არ შეუდგენია ასეთი არქივი. მტკიცებულებები არ არსებობს. ისინი გამოიგონეს. გამოიგონა ჯერ რუსულმა პროპაგანდამ და შემდეგ „გაზპრომის“ აქციონერმა.
მე პირადად, სპეციალურად ავკრძალე პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის შეგროვება. ეს იყო მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის, რადგან ეს იყო ის, რაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს მთავრობის ხალხმა, რომლებიც ჩემს მოსვლამდე მუშაობდნენ მთავრობაში. ასეთი რაღაცები, უბრალოდ, მეზიზღება.