პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 84-ე შეხვედრა გაიმართა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე და რეგიონში 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 24 იანვრამდე დაფიქსირდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარებული და მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობის საკითხს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესით გამოწვეული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 27 თებერვალს გაიმართება.