საზოგადოება
თუკი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთქმედების დროს ტერორიზმის არხები გადაიკეტება, ჩვენ თამამად შემოვიღებთ სავიზო რეჟიმს! - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
შეკითხვაზე - რა უშლის ხელს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას, კარასინმა ამგვარად უპასუხა:
„უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები... ლაპარაკია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე - ანუ მთელ იმ ბოროტებასთან, რომელიც ხანდახან ჩვენს ტერიტორიაზეც აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ეს ასპექტებიც განიხილება. თუ ამ სფეროში ეფექტიან კონტაქტებს დავამყარებთ, რატომაც არა...
საქართველოში
, როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისშიც, პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთი ასეთი ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს რეალობაა, და არა ჰიპოთეზური გამონაგონი... საჭიროა ფიქრი, ურთიერთთანამშრომლობა და მუშაობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის ყველა არხის გადასაკეტავად. თუ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწევთ, თამამად შევძლებთ უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადასვლას“.