პოლიტიკა
ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი კონტაქტების აღდგენაზე იმ მიმართულებებით, სადაც ეს შექმნილ ვითარებაში შესაძლებელია - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
„...ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით ამოცანის სირთულეს და ამიტომ ვსაუბრობდით ორმხრივი კავშირის აღდგენა-განვითარებაზე იმ მიმართულებებით, სადაც ეს შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელი იყო.
როგორც
აღმოჩნდა, „შესაძლებლობათა სფერო“ საკმაოდ ფართო იყო. გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს პასუხობს. ქართველი მწარმოებლები რუსულ ბაზარზე გავიდნენ, აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა, გვარდება კონტაქტები მთავრობის ცალკეულ ორგანოებს შორის პრაქტიკულ საკითხებზე, გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა. ინტენსიურად ვითარდება კულტურული, ჰუმანიტარული, სამეცნიერო კონტაქტები.
უდავო პოზიტივია სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა. მნიშვნელოვანი შედეგია სააკაშვილის მმართველობის დროს გაყალბებული ბრალდებებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ ქართველ და რუს სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობის მოქმედი მექანიზმით მივაღწევთ საქართველოსგან იუსუპ ლაკაევის გადმოცემას, რომელმაც 2013 წლის სექტემბერში სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი და მისი მეუღლე მოკლა“, - განაცხადა, კერძოდ, კარასინმა.