პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ეტაპობრივი გაჯანსაღების პროცესი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის სისტემური ანტირუსული პოლიტიკა უშლიდა ხელს, უკვე მიმდინარეობს - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
„...საქართველოსთან ურთიერთობის ეტაპობრივი გაჯანსაღების პროცესი უკვე მიმდინარეობს. ის 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ დაიწყო. იმ მომენტისთვის ორმხრივი ურთიერთობა ღრმა კრიზისს განიცდიდა. მიზეზი - მმართველი რეჟიმის სისტემური ანტირუსული პოლიტიკა, რომელმაც აპოგეას 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე და იქ განლაგებულ ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით მიაღწია.
საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან დიალოგის მისწრაფების შესახებ განაცხადა. რამდენადაც ჩვენ ყოველთვის ნორმალიზაციას ვუჭერთ მხარს, მაშინვე ვუპასუხეთ ამ დადებით სიგნალს. უკვე 2012 წლის დეკემბერში პრაღაში გაიმართა ჩვენი პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, რომელმაც რეგულარულ კონტაქტებს დაუდო საფუძველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით ამოცანის სირთულეს და ამიტომ ვსაუბრობდით ორმხრივი ურთიერთობის აღდგენაზე და განვითარებაზე იმ მიმართულებებით, სადაც ეს შექმნილ ვითარებაში შესაძლებელი იყო“, - განაცხადა, კერძოდ, კარასინმა.