აქტუალური
ინფლაცია მხოლოდ გარე ფაქტორებითა არ არის გამოწვეული

saqstatiXსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ქვეყანაში ინფლაციის მთავარ მიზეზი სურსათზე მაღალი ფასებია, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია გარე ფაქტორებით, კერძოდ, მაღალი საერთაშორისო ფასებით. მსოფლიოში არასდროს ყოფილა მსგავსი სიტუაცია, 2010 წლის განმავლობაში კი ეს სიძვირე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ბუნებრივი სტიქიებისა და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვითაა გამოწვეული.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით მოქმედებს ისეთ პატარა განვითარებად ეკონომიკებზე, როგორიც საქართველოა, სადაც მოსახლეობის მოხმარებაში სურსათს დიდი ხვედრითი წილი აქვს. მთელი ჩვენი სამომხმარებლო კალათის 40%-ზე მეტი სასურსათო საქონელზე მოდის.

საქსტატის ინფორმაციით, არსებული სიტუაცია აქტიურად განიხილება მსოფლიო მასშტაბითაც. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სასურსათო საქონლის ინდექსი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსოფლიო მასშტაბით. ევროკავშირის ქვეყნებში 2011 წლის იანვარში ინფლაციის ბოლო 2 წლის ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. აშშ-ში ნიუ იორკის ბირჟაზე შაქრის ფასმა ბოლო 30 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. იგივე მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.

სტატისტიკის სამსახურში მიუთითებენ, რომ საქმე გვაქვს ჩვენს რეალობაში მსოფლიო ფასების ადეკვატურ ასახვასთან, რადგან საქართველოში ფასები გაზრდილია იმავე სასაქონლო ჯგუფზე, რომელიც მსოფლიოში სხვაგანაც გაძვირდა. ინფლაცია იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათა ორიენტირებულია, ძირითადად, სასურსათო საქონელზე, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში კალათის შემადგენლობა განსხვავებულია და 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ, გაძვირებასთან ერთად, სამომხმარებლო კალათაში არსებულ ზოგ პროდუქტზე ინდექსი არ გაზრდილა. გარკვეულ სასურსათო საქონელზე ფასები შემცირდა კიდეც (კალათის არსებული 266 დასახელების საქონლიდან 170-ზე ფასები შემცირდა ან უცვლელი დარჩა, რაც მთელი კალათის 64 %-ია).

ექსპერტების აზრით, ეს მტკიცება ზედაპირულია და მონაცემები ძალიან ჰგავს ციფრებით თამაშს. მათ უკან კი იმალება ხელისუფლების მაამებლური მოქმედებები, რაც სოფლის მეურნეობის მეთოდურად რღვევაში გამოიხატება. ამის გამო ხელი ეშლებოდა ფერმერებსა და გლეხებს, რომლებიც პროდექტების მწარმოებლებიდან გადაიქცნენ ისეთივე მომხმარებლებად, როგორც ქალაქის მოსახლეობა. არადა, უეჭველია, რომ ქართული პროდუქტები სრულიად კონკურენტუნარიანია, თუნდაც შიგა ბაზარზე, სახელმწიფო სტრუქტურები რომ ასე დაჟინებით არ უჭერდნენ მხარს იმპორტიორებს ქვეყნის მოსახლეობის საზიანოდ.