უცხოეთი
რუსეთის ვიცე-პრემიერი - იმედია, საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის ვიცე-პრემიერს იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობებიც აღდგება.
ამის შესახებ არკადი დვორკოვიჩმა დავოსში პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
„ეკონომიკაში გვაქვს პოზიტივი. იმედი მაქვს ეტაპობრივად აღდგება პოლიტიკური ურთიერთობებიც. რაც შეეხება ეკონომიკას, ეს კარგია, ბევრი ბიზნესმენი ჩადის, საუბრობენ ერთობლივ პროექტებზე. ეს ქმნის საფუძველს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა დვორკოვიჩმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა დავოსში დონალდ ტრამპის სტუმრობაც შეაფასა.
„ტრამპი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყნის ლიდერია, ამიტომ ფორუმის ყველა მონაწილეს აინტერესებს, რა გეგმები აქვს ამერიკულ ადმინისტრაციას, მათ შორის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში. ამაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება“, – დასძინა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

1tv.ge