საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი.
„მინდა, შევაჯამო დავოსში ჩვენი დელეგაციის მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, გვქონდა ძალიან კონკრეტული შეხვედრები, რომლებიც კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიხატა, არის ის, რომ ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ.
ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები, იყო რამდენიმე მსხვილი ინდური კომპანია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო მსოფლიო მასშტაბის კომპანია wipro, რომელიც განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გაკეთებას, რათა სერვისები შესთავაზოს საქართველოდან სხვა ქვეყნებს. ასევე, იყო ამერიკული მსხვილი კომპანია hillwood, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროში ძალიან მსხვილი მოთამაშე და საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობისთვის სწორ ქვეყანად განიხილავს.
ასევე იყო პოლიტიკური შეხვედრები. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე -საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. შევხვდით პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე. საინტერესო შეხვედრა შედგა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის, რომელშიც ვიმყოფებით.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, დავოსში ჩამოსვლამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და საქართველო იწყებს მომზადებას, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ქვეყანაში ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოში ჩავატაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით.
შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას“.