აქტუალური
თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესს თამამად არღვევენ, ამიტომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს - კახი კალაძე

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებული პრობლემების გადასაჭრელად იგეგმება რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს განხორციელება.
ვგეგმავთ როგორც მეტროს რეაბილიტაციას, რათა გადაადგილების დრო შემცირდეს, ასევე გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა, ასევე ავტობუსების პარკის განახლებას ვაპირებთ. გვინდა, ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული, სუფთა ავტობუსებით, ვაპირებთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას. დასუფთავების მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის დაწესება”, – განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა, მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ, ჯარიმა 20 ლარია და 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
ჯარიმების გაზრდა ჩადებულია საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. კიდევ ერთი სიახლეა ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო”, – აღნიშნა კალაძემ.