საზოგადოება
რუსეთმა კონტაქტების დასამყარებლად არაერთი მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს და, სამწუხაროდ, პროგრესული ნაბიჯები არ გადაიდგა - ნიკოლოზ მჟავანაძე

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. „გურია ნიუსთან“ საუბრისას „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ დროის სვლა საქართველოზე დადებითად არ მოქმედებს და აფხაზეთი და სამაჩაბლოც ისე დაავიწყდება საზოგადოებას, როგორც ეს ტაო-კლარჯეთის შემთხვევაში მოხდა.
როგორ გაგრძელდება რუსეთთან ურთიერთობ, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. რუსეთმა კონტაქტების დასამყარებლად არაერთი მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს და, სამწუხაროდ, პროგრესული ნაბიჯები არ გადაიდგა.
კაცს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს რუსეთს აქვს დაკარგული ტერიტორიები და გვეხვეწება, მოდი, დავილაპარაკოთო. მტერს უნდა დაელაპარაკო, აბა, მოყვარესთან დასალაპარაკებელი და გასარჩევი რა არის!
ტერიტორიების დაბრუნება დიალოგისა და მოლაპარაკებების გარეშე ვერ მოხერხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს სიღრმისეული დიალოგისკენ მოუწოდებდა, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთი საქართველოს თავის მტრად აღარ განიხილავს, ამიტომ ურთიერთობის დასალაგებლად შანსები არსებობს.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს, რადგან დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დღითი დღე იცვლება. ნელ-ნელა მსოფლიო შეეგუება ამ პროცესს და ერთ მშვენიერ დღეს დავინახავთ, რომ საქართველოს მოკავშირეები აღიარებენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რუსეთის შემადგენლობაში.
ერთ დროს ტაო-კლარჯეთიც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა თავად ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რაღა დროს ტაო-კლარჯეთიაო. გავა წლები და აფხაზეთიც და სამაჩაბლოც წარსულს ჩაბარდება. აღარავინ ილაპარაკებს იმაზე, რომ ოდესღაც ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა“, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.