აქტუალური
ახალი დეტალები ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის საქმეში

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ახმედ ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის საქმეში სახაზინო ადვოკატების შემდეგ ოჯახის მიერ დაქირავებული უფლებადამცველები ერთვებიან.
„კურიერისთვის“ ბერძენიშვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ის ეკლესია-მონასტრების მშენებლობით იყო დაკავებული. მათ შორის, სამშენებლო მასალების შესაძენად და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად ხშირად დადიოდა თურქეთის ტერიტორიაზე.
თავად ანატოლი ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ის არანაირ დანაშაულს არ აღიარებს, გამოყენებული აქვს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და აქედან გამომდინარე, მე არანაირი ინფორმაციაც არ მაქვს და თვითონ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ილაპარაკოს. ხშირად დადიოდა თურქეთში თავის საქმიანობიდან გამომდინარე. ბერძენიშვილი აშენებდა ტაძრებს და ხშირად უწევდა საზღვრის გადალახვა“, - აცხადებს ბერძენიშვილის ადვოკატი მაია სირაძე.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის პანკისთან კავშირზე ლაპარაკობს მისი კიდევ ერთი ადვოკატი. უფლებადამცველი ინგა ბოლოთაური ამბობს, რომ ბერძენიშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რამაზ მარგოშვილის მეგობარია.
პანკისთან კავშირები ჰქონდა, ანატოლი ბერძენიშვილი და ხიზირ, იგივე რამაზ მარგოშვილი არიან მეგობრები. მტკიცებულებები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ ჩადენილი არის დანაშაული, ასეთი მე არ გამაჩნია“, - განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.