ინფლაცია საქართველოში 2011 წლის იანვარშიც გაიზარდა
ინფლაციის ზრდამ საქართველოში 2011 წლის იანვარში, 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12, 3% შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, ასეთი მონაცემები გამოწვეულია სურსათზე მაღალი ფასებით, რაზეც გავლენას ახდენს, პირველ რიგში, გარე ფაქტორები, კერძოდ კი, მაღალი საერთაშორისო ფასები. მსოფლიოში არასდროს ყოფილა სურსათზე ასეთი მაღალი ფასები, რაც 2010 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ბუნებრივი სტიქიური მოვლენებითა და მთელი რიგი ქვეყნების მიერ სასურსათო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვითაა გამოწვეული.
ჩვენში ბოსტნეული გაძვირდა 50,8 %, ხილი – 35,5 %, კარაქი – 38,3 %, პურ–ფუნთუშეული – 20 %, შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი – 16,6 %–ით. ტრანსპორტის წილი ინფლაციის საერთო ჯამში შეადგენს 0,7 %. 20,5 %–ით გაძვირდა დიზელის საწვავი, 13, 7 %–ით კი - ბენზინი.
2,8 %–ით გაძვირდა ელექტროენერგია, აირი და საწვავის სხვა სახეობები, 66,7 %–ით – ნარვის გაზიდვა და 9,6 %–ით - წყლის ტარიფი. 0,3 % შეადგინა ინფლაციის საერთო მოცულობაში თამბაქომ და ალკოჰოლურმა სასმელებმა. ეს უკანასკნელი 27,1 %–ით გაძვირდა.