საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის რადას თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს თუ არა ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ, უცნობია.
ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი უკრაინა-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხის შესახებ შედგა. ასევე, განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეი პარუბიმ და ირაკლი კობახიძემ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენ ვიცით, რა საერთო გამოწვევები არის ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია. კარგად გვახსოვს 2008 წელი, როდესაც საქართველო გვაფრთხილებდა, რომ საქართველოს შემდეგ შეიძლება ყოფილიყო უკრაინა და ეს ასეც მოხდა. ჩვენ ვიცით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ.
„ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო გამოწვევები, საერთო მიზნები და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენი საერთო მიზანია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ამ კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.