საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. 14 იანვარს, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართული საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ბრიტანელი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა. მგალობლების სოლო კონცერტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონის ლოცვა-კურთხევითა და ლონდონში არსებული ქართული ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს ინიციატივით ჩატარდა.
ლონდონში გამართულ ღონისძიებას, როგორც დიდ ბრიტნეთში მცხოვრები ქართველები, ასევე მათი ბრიტანელი მეგობრებიც ესწრებოდნენ.
„მინდა მივულოცო საქართველოს, ლონდონში მცხოვრებ ქართველებს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ეს იყო პრემიერა ქართული ტაძრის მგალობელთა გუნდისა, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მრავალფეროვან აუდიტორიაზე და რომელსაც ლონდონელი ქართველების გარდა, ჩვენი უცხოელი მეგობრებიც ესწრებოდნენ. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩვენთვის და მჯერა რომ ეს გუნდი ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
ამასთან ერთად, საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ეპატიჟება გუნდს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, იმისათვის, რომ წარმოადგინოს თავისი შემოქმედება.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ღონისძიებაში თავისი შრომა ჩადო და წვლილი შეიტანა, განსაკუთებული მადლობა არქიმანდრიტ დოროთეს, მგალობლებს და მათი გუნდის ხელმძღვანელს ბნ. მალხაზ ერქვანიძეს“,-განაცხადა საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ლონდონში ქართული ტაძრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ასევე, ახლად დაფუძნებული ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევითი ცენტრის პრეზენტაციაც გაიმართა.
საპასუხო სიტყვით წარსდგა ლონდონში, ქართული ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოროთე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მგალობლებს, ორგანიზატორებსა და მისულ სტუმრებს გაწეული შრომისა და გვერდში დგომისთვის.