აქტუალური
ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების გაჭიანურება უკვე უკურეაქციას გვაძლევს - გიორგი გახარია

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკვე უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შსს, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას.
ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მინდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ასპექტს გავუსვა ხაზი. პირველიმოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა ის გახდეს, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია. ყველანაირი ჰუმანიზაცია და .. ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის არანაირად არ უნდა აძლევდეს წახალისების რისკს, ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის, მაგალითად, სასჯელების ვადები ან შემოწმების ფორმები, ეს ყველაფერი გადახედვადია და აქ ჰუმანურობის გარკვეული კორიდორი გვაქვს, აქ გვაქვს საშუალება, რომ უფრო პროგრესული გავხადოთ ჩვენი კანონმდებლობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით გარკვეული სტატუს-კვო შექმნა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ნარკოპოლიტიკის მხრივ არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნას.
დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანის მოხმარება არის დაშვებული, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, პირველ რიგში, ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი და არის შესაქმნელი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ არ მოხდეს წახალისება და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ უწყებაში ახლა აშკარა ვხედავთ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკვე უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია, ამიტომ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ”, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური შედეგები.
მინდა, მივმართო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, უწყებათაშორისი კომისია არსებობდა ძალზედ კარგი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რატომღაც გარკვეულ პერიოდში მისი აქტიურობა შენელდა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელია სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა, ვთხოვო თეა წულუკიანს, ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა”, – განაცხადა გახარიამ.