აქტუალური
კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, განუცხადა ზურაბ პატარაძემ პირველ არხს

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა.
როგორც პატარაძემ აღნიშნა, კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
მინდა, ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს შს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის, გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო.
თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით შეჩერდა
საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება, – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება კონსულტაციების შედეგების შესაბამისად.