საზოგადოება
„ჩემი ურთიერთობა თბილისთან, არც კი მინდა ვაღიარო, 40 წლის წინ დაიწყო...“ - საქართველოში აშშ-ის ელჩის ძალზე მნიშვნელოვანი აღიარება (ვიდეო)

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კროუფორდ კელი აცხადებს, რომ თბილისი - მისი მეორე სახლია. რატომ მიყვარს თბილისი– ვიდეო ასეთი სათაურით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა (ვიდეო იხ. აქ).
ჩემი ურთიერთობა თბილისთან, არც კი მინდა ვაღიარო, 40 წლის წინ დაიწყო. აქ სტუდენტობისას ჩამოვედი. აღტაცებული დამტოვა რამდენიმე რაღაცამ. თბილისი ძალიან ცოცხალი, მულტიეთნიკური და ტოლერანტული ქალაქი იყო, თუმცა ყველზე მეტად ხალხის სულისკვეთებამ აღმაფრთოვანა. გამაოცა, თუ როგორი თანამედროვე, დამოუკიდებლად მოაზროვნეები იყვნენ თბილისელები, რამდენად ღია იყვნენ ისინი და ეს სულისკვეთება 40 წლის შემდეგაც გრძელდება. მე კვლავ ვხედავ ამას თბილისში, ტოლერანტობის, დამოუკიდებლობისა და სიამაყის სულისკვეთებას. ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა: თბილისი ჩემი სახლია, ჩემი მეორე სახლია, ჩემი პირველი სახლი ჩიკაგოა, აშშ-ში. თბილისში ცხოვრება ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილებაა, – აცხადებს იან კელი.
საქინფორმი: მეტად გულისამაჩუყებელი სიტყვებია ზღვის გაღმელი სტუმრის მხრიდან, რომელიც თბილისში თავს სტუმრად კი არა, მასპინძლად გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში! რაც, კაცმა რომ თქვას, საქართველოში საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს.  დასაფასებელია მისი გულწრფელი აღიარებაც, რომ თბილისელების ტოლერანტობა, დამოუკიდებლობა, გულითადობა და სიამაყე აშშ-ის ელჩისათვის საქართველოში მუშაობის პერიოდში სკოლად იქცა.
ერთი რამ გაუგებარია - რატომ არ უნდა მას, აღიაროს, რომ თბილისში პირველად ჯერ კიდევ 40 წლის წინ ჩამოვიდა? ის ხომ მაშინ გვესტუმრა, როგორც სტუდენტი, და არა როგორც მზვერავი! თუმცა, საინტერესოა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 40 წლის წინ - 1978 წელს - შესასწავლად აშშ-დან სტუდენტი ჩამოვიდა! იქნებ ის ამბროსიევიჩის
(საბჭოთა საქართველოს მაშინ საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ხელმღვანელობდა) აბაშის ექსპერიმენტით დაინტერესდა? ან, იქნებ, კროუფორდოვიჩისთვის უსიამოვნოა იმის აღიარება, რომ ამ 40 წელიწადში მულტიეთნიკური თბილისის გაკვეთილი მაინც ვერ ისწავლა?!