საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია – მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 პროცენტი, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ამის შესახებ NDI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
NDI-ს ცნობთ, ეს გასულ წელს დაფიქსირებული პირველი შემთხვევაა, როდესაც უკმაყოფილოთა რიცხვი აჭარბებს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (26 პროცენტი) ან საერთოდ არ იცვლება (32 პროცენტი).
როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეები რიგ ეკონომიკურ და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოყოფენ.
ამასთან ერთად, სამუშაო ადგილები - ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, ხოლო გზები და გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად რჩება.
გარემოს დაბინძურების საკითხი განსაკუთრებით აწუხებთ თბილისში, სადაც ეს ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა.
“გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც ცალკე მდგომი ინსტიტუტის, გაუქმების პირობებში, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მოქალაქეების მოთხოვნა, რომ არ მოხდეს გარემოს დაცვისთვის საჭირო რესურსებისა და პოლიტიკის უგულებელყოფა”, – განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.