პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ეთანხმება

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 29% ეთანხმება, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას თბილისში გამოკითხულთა 20% ეთანხმება, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობიდან 31%.  უმცირესობათა დასახლებებში მაჩვენებელი 56%-ია.
ამასთან, გამოკითხულთა 60% (თბილისი – 68%, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა – 59%, უმცირესობათა დასახლებები – 25%) მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.