აქტუალური
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილები მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, გამოკითხულთა 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, 30%-სთვის კი - სიღარიბე.
ამავე კვლევით, 25%-ს მიაჩნია, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი პენსიებია, 23%-სთვის - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 23%-სთვის – ტერიტორიული მთლიანობა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია გამოკითხულთა 13%-სთვის, რუსეთთან ურთიერთობა – 10%-სთვის, ადამიანის უფლებები – 10%-სთვის, ხოლო სამართლიანობის აღდგენა – 7%-სთვის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.