საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო ძალის თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. 15% თვლის, რომ რუსეთი და აშშ თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 36% ფიქრობს, რომ სამხედრო უპირატესობას აშშ ფლობს. კითხვაზე პასუხი არ აქვს 8%-ს.
აღნიშნული კითხვა NDI-ის კვლევებში პირველად დაისვა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.