სამართალი
პირი, რომელიც რუსთავში საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძეა

      საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც რუსთავში საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძეა.
ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.
თვითმხილველთა თქმით, მოკლული დაცვის თანამშრომელმა იპოვა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში; 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში; 2004-2006 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სარდალი.
2008 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
გენერალი სოსო ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.
გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.