აქტუალური
ფარული კრიტიკა ილია II-სადმი - მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში თეოლოგებმა პატრიარქობისთვის ბრძოლის განაცხადი ამოიკითხეს

      საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ფოთელი ეპისკოპოსის 1105-სიტყვიან საშობაო ეპისტოლეში თეოლოგებმა პატრიარქობისთვის ბრძოლის განაცხადი ამოიკითხეს. წმინდა სინოდის წევრები განაწყენდნენ, თავად მეუფე გრიგოლს კი აღარ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა შობის ღამეს პატრიარქის ფარული კრიტიკა ამბიონიდან.
ექვსი იანვრის ღამეს, საზეიმო წირვის წინ, დიაკვანმა კირიონმა მრევლს მეუფის ეპისტოლე წაუკითხა.
ეპისტოლეში პირველი, ვისაც მეუფე გრიგოლი აკრიტიკებს, ეკლესიაა. მეუფე გრიგოლი პატრიარქს 40-წლიანი მმართველობისთვის მადლობას უხდის, თუმცა იქვე ამბობს, რომ ახლა ცვლილებების დრო დადგა.
საშობაო ეპისტოლეში მეუფე გრიგოლი არ მორიდებია რუსეთის კრიტიკას, შენიშვნები ხელისუფლებასთანაც ჰქონდა, თუმცა, პრობლემებზე საუბრის დროს ყველაზე მეტი საპატრიარქოზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეკლესიისთვის მთავარი პრობლემა მრევლია, რომელიც ტაძრიდან მიდის და უკან აღარ ბრუნდება.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ეს ანალიზი სინოდის წევრებისთვის უსიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა.
ეპისკოპოსმა გრიგოლმა ეპისტოლეში ე.წ. ციანიდის საქმე ბურუსით მოცულად გამოაცხადა და თქვა, რომ კითხვებზე პასუხები ისევ არ მიუღია.
ფოთელი მეუფის ხმაურიან ქადაგებაში პატრიარქობისთვის ბრძოლის განაცხადი დაინახეს თეოლოგებმა. გიორგი ტიგინაშვილი დარწმუნებულია, რომ გრიგოლი მოსაყდრე შიოს მთავარი კონკურენტი იქნება.
წმინდა სინოდში დაპირისპირების ახალ ტალღას არ გამორიცხავენ.