საზოგადოება
პირველად! საქართველოში ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი საბაზროს გაუტოლდება

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნულ ვალუტასთან - ლართან მიმართებაში დოლარის ოფიციალური კურსის განსაზღვრის ახალი წესი შემოიღო.
2009 წლის მაისიდან დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა ხდებოდა ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით. აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში სისტემაში ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ აშშ დოლარს, ოფიციალური სავალუტო კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც.
ამიერიდან, ცვლილების მიხედვით, მითითებული ლიმიტი განახევრდება - 1,5 მილიონ აშშ დოლარამდე, რის შედეგადაც ოფიციალური კურსი კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.
„ეროვნულ ვალუტასთან - ლართან მიმართებაში დოლარის ოფიციალური კურსის განსაზღვრის ახალი წესის შემოღება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, - მიაჩნია საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს, -  ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთს დაემთხვევა, შესაძლოა, არა 100%-ით, მაგრამ დიდი განსხვავება, როგორც ზოგჯერ იყო ხოლმე, აღარ იქნება. ამიტომ ეროვნულ ბანკს აღარ მოუწევს წინა დღის შედეგების გათვალისწინება. ოფიციალურ და საბაზრო კურსებს შორის მცირე განსხვავება სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობის მინიმიზების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ეს სიახლე მოსახლეობაზე აისახება, ვინაიდან ადამიანები ვალუტას მხოლოდ საბაზრო კურსით ცვლიან“.