პოლიტიკა
მზად ვართ, უკრაინას გადავცეთ ათეულობით სამხედრო ხომალდი, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა, ჩამოვიდნენ და წაიღონ, ჩვენ მივეხმარებით - პუტინი

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. 11 იანვარს, რუსეთის ბეჭდური მედიის დღის წინ, რომელიც 13 იანვარს აღინიშნება, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციაში გაიმართა რფ-ის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებებისა და საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან. შეკითხვებზე პასუხისას ვლადიმერ პუტინმა მონიშნა რუსეთის პოზიცია მსოფლიოს მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებს მრავალი ახალი ინფორმაცია გააცნო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეკითხვას პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:
„ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ სამხედრო ქონების, ტექნიკის გადაცემა. ყირიმიდან უკრაინაში რამდენიმე ეშელონი გაიგზავნა. უკრაინულმა მხარემ არაერთხელ დასვა ყირიმიდან სამხედრო ტექნიკის დაბრუნების საკითხი. ჩვენ მზად ვართ, ეს პროცესი გავაგრძელოთ. მზად ვართ, გადავცეთ უკრაინას სამხედრო ხომალდები, რომლებიც ჯერ კიდევ არის ყირიმში, მზად ვართ, გადავცეთ საავიაციო ტექნიკა, ჯავშანტექნიკა. მართალია, ის მთლიანად სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის, პრაქტიკულად, ის ასეთივე იყო, ამ წლების განმავლობაში არავინ პატრონობდა. ლაპარაკია ათეულობით ხომალდზე, ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავზე. რაც შეეხება ხომალდებს, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ უკრაინელი სამხედროები, უბრალოდ, ჩამოვლენ და წაიყვანენ, მზად ვართ, ოდესამდე ტრანსპორტირებაში დავეხმაროთ. არსებობს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგიც, მაგრამ ჩვენი სამხედრო ექსპერტების მონაცემებით, ის ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება, ეს მეტისმეტად სახიფათოა, მისი ადგილზე უტილიზაცია უნდა მოხდეს. მზად ვართ, უკრაინელი სამხედროები მოვიწვიოთ, რომ ამ საბრძოლო მასალის უტილიზაციაში მონაწილეობა მიიღონ. მაგრამ ეს მხოლოდ ყველაზე აუცილებელი საგარეო ნაბიჯებია.
ყველა სირთულისა და პრობლემების მიუხედავად, სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და უკრაინას შორის გასული წლის განმავლობაში გაიზარდა, თანაც მნიშვნელოვნად. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ გვაქვს ფუნდამენტური რესურსი მთლიანობაში ურთიერთობის აღდგენისთვის“.