პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები: საქართველო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარისთვის "იდეალური" ადგილია

radariაშშ-ის ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას განიხილოს ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემადგენელი რადარის საქართველში განთავსების შესაძლებლობა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნისადმი, რობერტ გეითსისთვის, გაგზავნილ ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა იქნეს განხილული, თუ თურქეთი თავის ტერიტორიაზე რადარის განთავსების წინაპირობად წამოაყენებს მოთხოვნას, რომ ამ რადარის მიერ მოგროვებული ინფორმაცია არ გადაეცეს ისრაელს.

წერილს ხელს აწერენ სენატორები ჯონ კაელი, ჯეიმს რიში, მარკ კერკი და ჯეიმს ინჰოფი.

ინფორმაციას 3 თებერვლით დათარიღებული წერილის თაობაზე ჟურნალ Foreign Policy-ის ბლოგი "The Cable“ ავრცელებს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იდეალური ადგილი იქნებოდა ირანზე მიმართული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებისთვის,” – ნათქვამია წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს, თურქეთთან და სხვა შესაძლო ადგილებთან შედარებით, რადარის განთავსებისთვის უპირატესობას ანიჭებს.

სენატორები წერილში ეკითხებიან თავდაცვის მდივანს რობერტ გეითს, თუ განიხილავს აშშ-ის ადმინისტრაცია ამგვარ შესაძლებლობას და თხოვენ მას დაავალოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსებს ბრიფინგი ჩაუტარონ სენატორებს რადარის განთავსების პოტენციურ ადგილებზე.

"მომავალში საქართველო თავდაცვის სფეროში აშშ–თან თანამშრომლობაში მნიშველოვანი პარტნიორი უნდა იყოს - იქნება ეს როგორც ნატოს მომავალი წევრის თუ რაიმე სხვა რანგში; საქართველო უკვე არის ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე ნატოს ავღანურ მისიაში,“ – ნათქვამია წერილში.

Foreign Policy-ის ბლოგზე გამოქვეყნებული მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ რადარის განთავსების შანსები მცირეა, რადგან ეს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაზე, ისევე როგორც რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, თავად ამ წერილის გაგზავნის ფაქტი მიანიშნებს, რომ აშშ-ის ახალი კონგრესი უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შესუსტდა.

საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების თაობაზე რუსეთ–ამერიკის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ 2011 წლის იანვარში მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი სხვადასხვა შესწორების შემცველი ხუთი მუხლითა და ოთხი პირობით შეავსო, რომელთა თანახმადაც რუსეთი შეთანხმებას დატოვებს. სახელდობრ, მათგან პირველი იუწყება: „აშშ–ის, სხვა სახელმწიფოსა ანდა სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსება, რომელსაც რფ–ის სტრატეგიული ბირთვული იარაღის ეფქტურობის შესუსტება შეუძლია“.

საინტერესოა, გაითვალისწინეს თუ არა ეს უიღბლო ამერიკელმა სენატორებმა?!