საზოგადოება
სატრანსპორტო დარგებით ტვირთების გადაზიდვა შემცირდა, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრების რაოდენობა გაიზარდა

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სატრანსპორტო დარგებით 2017 წლის 11 თვეში 37,4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,9 მილიონი ტონით ნაკლებია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში ყველაზე მეტი ტვირთი სამოქალაქო ავიაციით გადაიზიდა. ეს დარგი 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 30,1 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, საავტომობილო ტრანსპორტი - 27,7 მილიონ ტონას.
ყველაზე ნაკლებ ტვირთს საქართველოს რკინიგზა მოემსახურა, რომლის მოცულობამაც იანვარ-ნოემბერში 9,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,2 მილიონი ტონით ნაკლებია
საქართველოს სატრანსპორტო დარგები 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 352.1 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10,5 მილიონი მგზავრით მეტია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო დარგებიდან ყველაზე პოპულარული საავტომობილო დარგია, რომლის მომსახურებითაც გასული წლის თერთმეტ თვეში 345,8-მა მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.
მზარდი ტენდენციით ხასიათდება სამოქალაქო ავიაციაც, ეს დარგი გასული წლის იანვარ-ნოემბერში 3,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მაშინ, როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.6 მილიონი იყო.
უმნიშვნელო ზრდაა რკინიგზის დარგშიც, საქართველოს რკინიგზით 2017 წლის 11 თვეში 2,5-მა მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში რკინიგზა 2,3 მილიონ მგზავრს მოემსახურა.